სამართლის დაყოფა დარგებად

სამართლის დაყოფა დარგებად

სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი ნორმები (კანონები) ერთმანეთთან  ლოგიკურად უნდა იყვნენ დაკავშირებული იმისათვის, რომ მართლწესრიგმა შეძლოს სტაბილურად ფუნქციონირება. სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლის წესრიგი სხვა და სხვა ტიპის  ინტერესებს შეიძლება ეხებოდეს. სახელმწიფოს უწევს კერძო და საჯარო ინტერესების, ერთისა და მრავალი ადამიანის ინტერესების დაბალანსება. კერძოდ, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი საკუთარი ინტერესი და ეს ინტერესები მრავალფეროვანია. მაგალითად, ყველა ადამიანს სურთ რომ იყოს დაცული მისი საკუთრება (არ მოჰპარონ ქონება), იყოს დაცული მისი სიცოცხლე და ქვეყანა, შეიძინოს კონკრეტული მარკის ავტომობილი და ა.შ.  ზოგიერთი ინტერესი, მაგალითად თავდაცვის ინტერესი ყველა ადამიანს აქვს. ადამიანები სახელმწიფოს შექმნას დათანხმდნენ რადგან,  მათი თავდაცვის ინტერესის განხორციელება უფრო ადვილია  სახელმწიფოს  შექმნის გზით. კერძოდ, ადამიანებს სახელმწიფოს შექმნის შედეგად აღარ უწევთ საკუთარი ხელით და საკუთარი შეხედულების მიხედვით თავდაცვა, ამ ფუნქციას შესაბამისი ორგანოები (მაგ. ჯარი და თავდაცვის სამინისტრო) ახორციელებენ. თავდაცვის ინტერესი, მისი საყოველთაო ხასიათიდან გამომდინარე, არის მთელი საზოგადოების ინტერესი და მას უწოდებენ საჯარო ინტერესს. ეს ინტერესი ყველას ადამიანს ერთნაირად ეხება. აგრეთვე, საჯარო ინტერესის მაგალითებია განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები (მაგ. პენსიის დაცემა) და ა.შ.

საჯარო ინტერესების განხორციელება და და მათი დაცვა პირველ რიგში სახელმწიფოს უფლებამოსილება და მოვალეობაა. სახელმწიფო საჯარო ინტერესების განხორციელების პროცესში, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებს ყველა ადამიანის ნებას. მაგ. სახელმწიფო თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ ითვალისწინებდეს ყველა ადამიანის შეხედულებას, გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეფექტური თავდაცვის მექანიზმებისა და ფორმების შესახებ ყველა ადამიანს განსხვავებული შეხედულება შეიძლება ქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება თავდაცვის აუცილებლობაზე.

საჯარო ინტერესების ხასიათიდან გამომდინარე, მათი განხორციელებისას, სახელმწიფოს „მბრძანებლური“ პოზიცია აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროცესში თვითნებურად მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებებისა და კანონმდებლობის საფუძველზე თავად განსაზღვრავს საჯარო ინტერესის განხორციელების გზებს და მოქალაქეებთან არ ათანხმებს კონკრეტული თავდაცვითი ოპერაციის დეტალებსა თუ მასშტაბებს.  თავდაცვა მიღება ყველა ადამიანის ინტერესია, მაგრამ თუ  მოქალაქეები არ დაემორჩილებიან სახელმწიფოს მითითებებს, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამიტომ საჯარო ინტერესის განხორციელების პროცესში მოქმედი კანონები სახელმწიფო ორგანოებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს ანიჭებენ. მათ უფლება აქვთ, კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძვეზლე მათი შეხედულების მიხედვით იმოქმედონ ისე, რომ დეტალურად არ შეუთანხმონ მოქალაქეებს, რომელთა დაცვის მიზნითაც ისინი მოქმედებენ, საკუთარი გეგმები და განხორციელების გზები. საჯარო ინტერესების საპირისპიროდ არსებობს ისეთი ინტერესები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს ეხებათ და მათ გარდა, ეს ინტერესი სხვა არავისთვის არ არის მნიშვნელოვანი.  მაგ. ადამიანების ინტერესი შეიძლება იყოს მანაქნის ან კომპიუტერის შეძენა. ამ ინტერესის შინაარსი ჩემზე უკეთ არავინ იცის და ჩემს გარდა უშუალოდ არავის ეხება. მხოლოდ მე შემიძლია ვიცოდე რა ფერის, როგორი ტიპის და რამდენი წლის მანქანა მინდა, რომ შევიძინო.  ასეთი ინტერესი, რომელიც მხოლოდ მე მეხება და მისი შინაარსიც ჩემთვის ინდივიდუალურად არის მნიშვნელოვანი არის კერძო ინტერესი. კერძო ინტერესზე რომ საუბრობენ გულისხმობენ, რომ ერთ ინდივიდს აღელვებს საკითხი და ეს მისი ცხოვრების ყველაზე პირად საკითხებთან არის დაკავშირებული. ამ საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტაც, ამიტომ ინდივიდს, და არა სახელმწიფოს უნდა შეეძლოს.  მაგალითად: მე მსურს, რომ დღეს შევიძინო საკარნავალო კოსტუმი ან გავყიდო სახლი, დავამზადებინო საქორწინო ბეჭედი და ვუყიდო ჩემს მეგობარს დაბადების დღის საჩუქარი (მხოლოდ მე შემიძლია ვიყიდო ისეთი კოსტუმი, როგორიც მინდა ან ვუყიდო ჩემს მეგობარს საჩუქარი, რომელიც მე მომწონს).

კერძო ინტერესის ფუნდამენტი, როგორც თავად სახელწოდებაც მიგვანიშნებს, კერძო საკუთრება და ადამიანის პირადი სფეროა. კერძო ინტერესები და მისი დაკმაყოფილება ეხება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ეს ინტერესი გააჩნია და იგი არ ეხება სხვას, მათ შორის არც სახელმწიფოს. თქვენ გსურთ გააქირავოთ თქვენი ბინა 100 ლარად. რადგან კერძო ინტერესების განხორციელება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს შეუძლიათ და მხოლოდ მათ ეხებათ, ამ ურთიერთობებში ნებისმიერი სხვა ადამიანის და სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელია.

ამის გათვალისწინებით, სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობენ არსებითად სხვა ლოგიკას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მიზანიც საჯარო ინტერესების განხორციელებაა. კერძო ინტერესისთვის მთავარია მისი კერძო (პირადი) ბუნება, ხოლო საჯაროსათვის კი – საჯარო (საყოველთაო/საზოგადოებრივი) ხასიათი.

ამ ორ ინტერესს შორის არსებითმა, თვისობრივმა განსხვავებამ წარმოშვა აუცილებლობა, რომ სამართლის ნორმები, რომლებიც მიმართულია  საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებისა და განხორციელებისაკენ  საჯარო სამართლის სფეროში გაერთიანებულიყო,   ხოლო კერძო ინტერესების მომაწესრიგებელი სამართლის ნორმები – კი კერძო სამართლის სფეროში.

სწორედ ზემოთაღნიშნული ურთიერთობების სირთულის გათვალისწინებით, სამართალში გამოიყო დარგები და ეს პირველად ძველ რომში მოხდა. კერძოდ, ულპიანე თავის „ინსტიტუციებში“  სამართალს ყოფს კერძო და საჯარო სამართლად (ius publicum/ius privatum).  მის მიხედვით საჯარო სამართალი ეხება საკულტო მოქმედებებს, სასულიერო პირებსა და საჯარო მოხელეებს. კერძო სამართალი კი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ius naturale, ius gentium, ius civile.  ულპიანეს მიხედვით ius naturale არის ის რაც ბუნებამ ასწავლა ყოველ არსებას: სქესთაკავშირი, რომელსაც ჩვენ ქორწინებას ვუწოდებთ, შთამომავლების გამრავლება და აღზრდა. ius gentium არის ის რაც ყველა ერისთვის საერთო, ხოლო ius civile – რაც დარჩება რომაული სამართლისგან წინა ორი ჯგუფის გამოკლების შემდეგ – რომის მოქალაქეების განსაკუთრებული სამართალი.

ეს ცნებები აღმოჩნდა  განმსაზღვრელი და ამის გათვალისწინებით, დღესაც სამართალი ძირითადად  ორ დიდ ჯგუფად იყოფა: საჯაროდ და კერძოდ.

საჯარო და კერძო საამართლის სფეორების გამიჯვნისათვის მსურველს შეუძლია ჩათვალოს, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის  მონაწილეობა ნიშნავს, რომ საქმე  საჯარო სამართალთან გვაქვს. თუ ამ დროს სახელმწიფოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წინაშე წარსდგება ადამიანი, როგორც კერძო პირი, იგი იმყოფება სუბორდინაციაში (დაქვემდებარებაში). აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სამართალი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა სახელმწიფოს მიერ საჯარო უფლებამოსილებათა განხორციელებისას და ამ ტიპის ურთიერთობაში ადამიანი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი იგივე უფლებებით არ სარგებლობს. ამ ურთიერთობების წარმოშობა უმთავრესად დამოკიდებულია სახელმწიფოს ან მისი ორგანოების ნებაზე.[1] საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია თბილისის მერიის მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემა, პროკურატურის მიერ პირის დაკავება, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, პრეზიდენტის მიერ პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება და ა.შ.

სამართლის  ნაწილს, რომელიც კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს, ვუწოდებთ კერძო სამართალს. ამ ურთიერთობებს საფუძვლად უდევს პირთა თავისუფალი ნების გამოვლენა და სხვა პირებთან ურთიერთობების დამყარების სურვილი. ამ ურთიერთბაში კერძო პირებს თანაბარი და მსგავსი უფლებები აქვთ. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია ქონების შეძენა, დაქორწინება, ქონების შვილიშვილებისა და შვილებისათვის მემკვიდრეობით გადაცემა, საჩუქრის ჩუქება და ა.შ.

უმეტესად კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში ადამიანები მონაწილეობენ. ისინი, ასეთი ურთიერთობების დროს კოორდინირებულ (თანასწორ) ურთიერთობაში იმყოფებიან. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ კერძო სამართალს ახასიათებს ადამიანის ქმედებათა კოორდინაცია, ხოლო საჯარო სამართალს სუბორდინაცია.

საჯაროსამართლებრივ ურთიერთობაში მხარეები მსგავსი უფლებებით არ სარგებლობენ.  მაგალითად  აღსრულების ეროვნული ბიური აუქციონზე ყიდის პირის ქონებას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ადამიანის ან იურიდიული პირის ქონება მისი ნების საწინააღმდეგო იყიდება. და სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამის უფლება აქვს.

კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორობის (კოორდინაციის) მაგალითია  ადამიანების მიერ ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მაგ. მანქანის ან რაიმე სხვა ნივთის შეძენის მიზნით. ამ შემთხვევაში ორივე პირი თანასწორი უფლებებით სარგებლობს. ორივე მოქმედებს  საკუთარი ნების შესაბამისად და არც ერთს არ შეუძლია მეორეს ნების იგნორირება. ერთს არ შეუძლია დაავალდებულოს მეორე გაყიდოს ნივთი და პირიქით, მეორეს არ შეუძლია დაავალდებულოს პირველი, იყიდოს იგი.

მაგრამ  სახელმწიფო და მისი ორგანოები კერძოსამართლებრივ ურთიერთობებშიც მონაწილეობენ. მაგალითად  სახელმწიფო ყიდულობს სკამებს თავისი თანამშრომლებისთვის. თუ  სახელმწიფო დებს კერძო სამართლებრივ  ხელშეკრულებებს,  (მაგ. ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა და ა.შ.), ასეთი ურთიერთობა შეიძლება მიეკუთვნებოდეს კერძო ან საჯარო სამართლის სფეროს. სამართლის სფეროს ზუტი განსაზღვრისათვის გადამწყვეტია გავარკვიოთ, სახელმწიფო  ხელშეკრულების დადების დროს მის სახელმწიფოებრივ  ფუნქციას ასრულებს (იმ ფუნქციას, რომელიც მას კანონმდებლობის საფუძველზე აქვს) თუ მისი ქმედება მხოლოდ დამხმარე ხასიათისაა. მაგალითად, თუ თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს სკამებს თავისი თანამშრომლებისთვის, ეს იქნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, რადგან თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია არ არის სკამების შეძენა. ხოლო თუ თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს  იარაღს ჯარისათვის, მაშინ ეს იქნება საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რადგან თავდაცვის სამინისტროს პირველადი, საჯაროსამართლებრივი (კანონით გათვალისწინებული) მოვალეობა, სწორედ ჯარის შეიარაღებაა.

საჯარო და კერძო სამართლის სფეროთა ერთმანეთისაგან განსხვავების მიზნით განვიხილოთ საჯარო და კერძო სამართლის ძირითადი დარგები.

საჯარო სამართლის დარგები

საჯარო სამართალი სახელმწიფოს მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებას, სახელმწიფო ორგანოების მოქალაქეებთან ურთიერთობას და სახელმწიფოს სხვა ორგანიზაციულ საკითხებს აწესრიგებს. საჯარო სამართლის ძირითადი დარგებია, კონსტიტუციური სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, საარჩევნო სამართალი, საეკლესიო სამართალი და საერთაშორისო (საჯარო) სამართალი.

კონსტიტუციური სამართალი

კონსტიტუციური სამართალი, როგორც სამართლის დარგი, სამართლის წესებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აწესრიგებს მოქალაქეეთა ბუნებით უფლებებსა და სახელმწიფო ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესებსა და მათ უფლება-მოვალეობებს. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი კანონია, რომელშიც ჩამოყალიბებულია წესები იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტები და ორგანოები, რა ძირითადი უფლებები აქვთ მოქალაქეებს და რა ველდებულებები აკისრია სახელმწიფოს ადამიანების მიმართ (მაგ. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19. „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება“).  კონსტიტუციით არის განსაზღვრული თუ როგორ არის მოწყობილი სახელმწიფოს მმართველობის ძირითადი სახელისუფლებო შტოები. მაგ. კონსტიტუციაში წერია რამდენი პარლამენტის წევრი  ჰყავდს საქართველოს პარლამენტს, რა უფლებები აქვთ მათ, ვინ ირჩევს და როგორ საქართველოს მთავრობას, რა უფლებები და მოვალეობები აქვს საქართველოს პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ა.შ.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალი აწესრიგებს საკითხებს, რომლებიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს საკითხებია:

  1. საქართველოს ტერიტორიულ–სახელმწიფოებრივი მოწყობა, ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონებს შორის;.
  2. საქართველოს ტეროტორიაზე მცხოვრები ადამიანებისა და საქრთველოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები;
  3. სახელმწიფო ხელისფულების ორგანიზაციისა და განხორციელების პროცესი;
  4. საქართველოს საარჩევნო სამართალი და საარჩევნო სისტემა;
  5. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ პრინციპები;
  6. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესსი და პრინციპები.[2]

რამოდენიმე მაგალითი საქართველოს კონსტიტუციიდან.

მუხლი 48. „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“

მუხლი 70. „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“.

მუხლი 78. „მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე“.

მუხლი 92. „საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი“.

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართალი არის საჯარო სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც აერთიანებს სამართლის ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს მმართველობის (ადმინისტრაციული) ორგანოების ორგანიზაციულ მოწყობას (მაგ. როგორ უნდა იყოს მოწყობილი საჯარო რეესტრი, იუსტიციის სახლი) და მათ მიერ მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას (მაგ. როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა, ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრება, ქონების დარეგისტრირება და ა.შ.). იგი ასევე აწესრიგებს მმართველობის ორგანოებთან ადამიანების ურთიერთობის საკითხებს და ადგენს მოქალაქის უფლებებსა და ვალდებულებებს მმართველობით ორგანოებთან მიმართებით (მაგ. პირის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლება).[3]

სისხლის სამართალი

 საზოგადოებას გარკვეული სოციალური ღირებულებები, ხოლო მის წევრებს გარკვეული უფლებები აქვთ. ეს ღირებულებები და უფლებები მოწესრიგებული და დაცულია საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული, სამოქალაქო, შრომის, საფინანსო და სამართლის სხვა დარგების საფუძველზე. სისხლის სამართალი კი ამ ნორმებით დადგენილ ღირებულებებსა და უფლებებს დანაშაულისაგან – ე.ი. ამ ღირებულებებისა და უფლებების ხელყოფისაგან იცავს.

მაგალითად,  საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლი ადგენს, რომ სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. ამის ადექვატურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლი ადგენს, რომ – ,,განზრახ მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.“  შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ ამ მუხლთან სინთეზში ხდება შესაძლებელი სიცოცხლის კონსტიტუციური უფლების რეალური დაცვა. რომ არა ეს მუხლი, გაურკვეველი იქნებოდა, რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირს,  ადამიანის მკვლელობისათვის.

კიდევ ერთი მაგალითია საკუთრების უფლება, რომელიც სიცოცხლის მსგავად კონსტიტუციით დაცული სიკეთეა (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლი).  საკუთრებითი ურთიერთობები მოწესრიგებული და დაცულია სამოქალაქო სამართლის ნორმებით. მაგრამ საკუთრების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ.) ხორციელდება სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე.

ამიტომ, სისხლის სამართლის პირველი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია საზოგადოების წევრების დაცვაა. ისტორიული წარმოშობის მომენტიდან სამართლის ეს დარგი მოწოდებული იყო დაეცვა საზოგადოება ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც ემუქრებოდა ადამიანის არსებობის  საფუძველს.

საჯარო სამართლისადმი სისხლის სამართლის კუთვნილება განპირობებულია  იმით, რომ  მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი დასაჯოს პირი დანაშაულის ჩადენისათვის. მაშასადამე, სისხლის სამართლის ურთიერთობის ერთ–ერთი მხარე ყოველთვის სახელმწიფოა. სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სახელმწიფოს სახელით, ბრალდების უფლებამოსილება კი აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია პროკურატურის სახით.

ამდენად, სისხლის სამართალი არეგულირებს ურთიერთობას სახელმწიფოსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის. თვით ეს ურთიერთობა წარმოიშობა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტიდან. თუმცა, დანაშაულის ჩადენა არ იწვევს მისი ჩამდენი პირის ავტომატურად დასჯას. იმისათვის, რომ განახორციელოს თავისი მონოპოლიური უფლებამოსილება – დასაჯოს პირი, სახელმწიფოს ჯერ იმის დამტკიცება მართებს, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედება. მხოლოდ ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს შეუფარდოს პირს სასჯელი იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

აღნიშნულ ფუნქციას, ანუ დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის და დასჯის ფუნქციას, სახელმწიფოს სახელით ახორციელებს  სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი ორგანო – სასამართლო.

მაგრამ სისხლის სამართლის მიზანი არა მხოლოდ უკვე ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯა, არამედ სისხლის სამართლით დაცული სიკეთის დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება, ანუ დანაშაულის პრევენციაც არის.

შესაბამისად, ყველა  მოქმედება, რომელიც განხორციელებული და მიმართულია დამნაშავის დასჯისკენ და დანაშაულის ჩადენის წინააღმდეგ, მიეკუთვნება სისხლის სამართლის სფეროს.

კერძო სამართალის დარგები

კერძო სამართალი პირთა თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აწესრიგებს. აქედან გამომდინარე, ყველა ურთიერთობა, რომელიც ადამიანის  საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედებას გულისხმობს, კერძო სამართალს მიეკუთვნება. მაგალითად, ჩვენ ყოველდღე ვდებთ ხელშეკრულებებს, ვყიდულობთ რა სხვადასხვა ნივთებს, პროდუქტებსა თუ მომსახურებას, ვმგზავრობთ ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით ყველა ეს ურთიერთობა  კერძო სამართალს მიეკუთვნება.

კერძო სამართლის ძირითადი დარგებია სამოქალაქო, სამეწარმეო, ინტელექტუალური საკუთრებისა და შრომის სამართალი..

სამოქალაქო სამართალი  აერთიანებს სამართლის ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს (ნასყიდობა, ქირავნობა, გადაყვანა-გადაზიდვა და ა.შ.), აგრეთვე საკუთრებას (მაგ. თუ როდის გადადის საკუთრების უფლება ერთი ადამიანიდან მეორეზე, თუ სხვა ადამიანი ხელს გვიშლის ჩვენი კუთვნილი ნივთით სარგებლობაში, როგორ შეიძლება აღვკვეთოთ მისი ხელშეშლა და ა.შ), საოჯახო საკითხებს (მაგ. დაქორწინება, შვილება და ა.შ.) და მემკვიდრეობას (მაგ. ანდერძი და ა.შ.).

სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართალი აწესრიგებს კერძოსამართლებრივი გაერთიენებების (მაგ. შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი და ა.შ.) შექმნის, ფუნქციონირებისა და სტრუქტურის შესახებ საკითხებს. მაგალითად  თუ როგორი უნდა იყოს სააქციო საზოგადოების (მაგ. კომერციული ბანკის) მმართველი ორგანოების სტრუქტურა და რა როგორ უნდა დაფუძნდეს.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი  აწესრიგებს ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების შედეგთან. მაგ. თუ თქვენ დაწერეთ წიგნი, ეს არის თქვენი ინტელექტუალური მუშაობის შედეგი, შესაბამისად, იგი თქვენი ინტელექტუალური საკუთრებაა და თუ სხვა გადაწყვეტს, რომ თქვენი ნაწარმოები დაბეჭდოს და გაყიდოს ისე, რომ თქვენი სახელის ნაცვლად მასზე დააწეროს საკუთარი სახელი, თქვენ სამართლის ამ დარგის მეშვეობით შეგეძლებათ მიიღოთ ზომები და აუკრძალოთ მას ამის გაკეთება.

შრომის სამართალი კი აწესრიგებს ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. კერძოდ, როდის შეუძლია დამსაქმებელს სამსახურიდან გაათავისუფლოს დასაქმებული და რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ დამსაქმებელსა და დასაქმებულს.

საჯარო და კერძო სამართლის პრინციპები

კერძო და საჯარო სამართლის ერთმანეთისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ორ სფეროში განსხვავებული სამართლებრივი პრინციპები მოქმედებს. თუ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათს სწორად ვერ განვსაზღვრავთ, შეიძლება ადამიანის მოქმედება უკანონოდ ჩავთვალოთ და მას შეცდომით სამართლებრივი პასუხსიმგებლობაც დავაკისროთ.

განვიხილოთ კერძო და საჯარო სფეროში მოქმედი სამართლის პრინციპები. საჯარო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპია კანონიერების კანონიერების პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფო (ადმინისტრაციულმა) ორგანოებმა  საქმიანობა უნდა განახორციელონ კანონის საფუძველზე. კერძოდ, აკრძალულია ამ ორგანოების მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, რომელიც კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაუხვიონ და გამოვიდნენ კანონით დადგენილი უფლებების ჩარჩოდან. ეს პრინციპი ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას ემსახურება და სახელმწიფოს უცხადებს, რომ მან საკუთარი ნების მიხედვით  არ უნდა იმოქმედოს, არამედ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონის შესაბამისად, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო. ეს პრინციპი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გაგრძელებაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქმედება, და მათ შორის ქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენაა მიმართული, უნდა ეფუძნებოდეს კანონს. მაგალითად, პოლიციას არ აქვს უფლება მძღოლი დააჯარიმოს, თუ მას ზამთარში აცვია მოკლე მაისური და დადის ჩამოწეული ფანჯრით. შეიძლება პოლიციელი ფიქრობდეს, რომ ასეთ მდგომარეობაში მძღოლი ვერ ახერხებს მანქანის სათანადოდ მართვას და ამით საფრთხეს უქმნის ფეხითმოსიარულეებს ან სხვა მანქანების მძღოლებს, მაგრამ მას არ აქვს მძღოლის გაჩერებისა და დაჯარიმების უფლება. პოლიციელს შეუძლია მძღოლის დაჯარიმება, მხოლოდ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას მაგ. თუ მძღოლი მოძრაობს გადაჭარებებული სიჩქარით, რადგან ეს კონკრეტული მოქმედება მითითებულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუ პოლიციის თანამშრომელი ამ კანონებით დადგენილ წესებს გადაუხვევს,  მისი ქმედება უკანონო იქნება. საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი მარტივად ასე შეგვიძლია დავახასიათოდ: ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით არ არის დაშვებული. ეს პრინციპი კანონის მეშვეობით ზღუდავს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას საკუთარი ნებით შეზღუდონ ადამიანების თავისუფლება. თუ დავფიქრდებით, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფოსთვის შეუზღუდავი უფლებამოსილებების მინიჭებით ჩვენ სახელმწიფო ორგანოებს საკუთარი ნებით გადავცემთ უფლება ჩაერიონ ჩვენს ცხოვრებაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს მათი საჯარო ფუნქციებით არის გამართლებული.

სანამ დემოკრატიულ სახელმწიფოს შექმნიდნენ ადამიანები მონარქებს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები ქონდათ. მაგალითათ მათ საკუთარი ნების საფუძველზე შეეძლოთ გადასახადების ოდენობის დადგენა. დღეს ამ ოდენობებს საქართველოს პარლამენტი ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. ფინანსთა მინისტრი და მის დახვემდებარებაში მყოფი შემოსავლების სამსახური კი შეზღუდულია ამ კოდექსით. მაგ. ისინი ვალდებულნი არიან მოქალაქეებს ხელფასიდან ჩამოაჭრან მათი შემოსავლის 20% საშემოსავლო გადასახადის სახით. იმის მიუხედავად ფინანსთა მინისტრს ეს თანხა ცოტა თუ ბევრი გონია მას არ შეუძლია ამ განაკვეთის შეცვლა და საშემოსავლო გადასახადის სახით ადანმიანის შემოსავლის 25%-ის ან 15%-ის დაბეგვრა.

როგორც კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებისას ავღნიშნეთ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ამიტომ, კერძო სამართლის სფეროში  განსხვავებული სამართლის პრინციპები მოქმედებს. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებია: კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპები.

კერძო ავტონომიის პრინციპიეს პრინციპი  საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი ანტიპოდია.: „ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის კანონით აკრძალული“.  შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.  მათ შორის ისეთი მოქმედებებიც რაც კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგება დადოს სხვა პირთან ისეთი ფორმით, რაც კანონში არ არის გათვალისწინებული.

კერძო ავტონომიის პრინციპთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მისგან გამომდინარეობს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით ყველა პირს აქვს თავისუფლება დადოს ან არ დადოს გარიგება.თუ ადამიანს სურს ხელშეკრულების დადება, მას შეუძლია დადოს იგი და პირიქით, თუ მას ასეთი სურვილი არ აქვს, მას ვერავინ აიძულებს ამის გაკეთებას. ხელშეკრულების თავისუფლების მეორე კომპონენტია ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება. მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაადგინონ ნივთის ფასი ან  ნივთის შეძენის/გასხვისების სხვა პირობები. მაშასადამე ხელშეკრულების თავისუფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას დადოს ან არ დადოს მისთვის სასურველი ხელშეკრულება, შეარჩიოს ხელშეკრულების მეორე მხარე (კონტრაჰენტი) და მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.


[1] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სახელმწიფოსთვის დაწერილი (შექმნილი) სამართალი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო და მისი ორგანოები ქვეყნის კონსტიტუციითა თუ სხვა კანონებით დაკისრებულ მოვალეობებს აღასრულებენ. ლადო ჭანტურია. სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, , (თბილისი:გამომცემლობა სამართალი. 2011) 2.

[2] საკონსტიტუციო პრობლემათა სტრატეგიული კვლევის ცენტრი, კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, (თბილისი:2005). 14-15

[3] პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, (თბილისი: გამომცემლობა სეზანი, 2010). 20

Standard